ვადიანი შრომის ხელშეკრულების უვადო ხელშეკრულებად გარდაქმნა
საქართველოს მოქმედი შრომის კანონმდებლობა იძლევა საშუალებას ვადიანი შრომის ხელშეკრულება გადაიქცეს უვადო ხელშეკრულებად.
ამისათვის უნდა არსებობდეს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის მე-1(3) პუნქტით განსაზღვრული გარემოებები, კერძოდ:
- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება დადებულია 30 თვეზე მეტი ვადით.
ან
- დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ორჯერ ან მეტჯერ მიმდევრობით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე, შრომითი ურთიერთობა გრძელდება 30 ან მეტი თვის განმავლობაში.
აღნიშნულ საკითხზე არსებობს მყარად დადგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა:
მაგალითად ერთ-ერთ საქმეში „საკასაციო პალატამ იმსჯელა შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის (3 ქვეპუნტი) მიხედვით დამსაქმებელთან დადებული ვადიანი შრომითი ხელშეკრულების უვადო შრომით ხელშეკრულებად მიჩნევის სამართლებრივ საკითხებზე და განმარტა, რომ შრომითი ურთიერთობის ამგვარი ტრანსფორმირებისათვის აუცილებელი იყო ორი პირობის კუმულატიურად არსებობა:
ერთსა და იმავე დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობების არსებობა 5 წლით ან მეტი ვადით და ვადიანი ხელშეკრულების მოქმედება კოდექსში განხორციელებული ცვლილების ამოქმედებიდან 1 წლის განმავლობაში.”