ხანდაზმულობის ცნება
April 24, 2016

ხანდაზმულობის ვადის შეჩერება

ხანდაზმულობის ვადის შეჩერების პერიოდში გასული დრო ხანდაზმულობის ვადაში არ ჩაითვლება,[1] თუმცა ხანდაზმულობის ვადის ათვლის მომენტიდან, ხანდაზმულობის შეჩერების მომენტამდე არსებული დროის პერიოდი გაითვალისწინება ხანდაზმულობის ვადის გამოსათვლელად.

მაგ: „A”-ს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 10 მარტიდან. ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდა, 2018 წლის 10 იანვარს, ორი თვით. ამ შემთხვევაში ხანდაზმულობის ვადის ათვლის გაგრძელებისას, გაითვალისწინება პერიოდი 2015 წლის 10 მარტიდან, 2018 წლის 10 იანვრამდე.

ხანდაზმულობის ვადა შესაძლოა შეჩერდეს კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.

მაგ: სამოქალაქო კოდექსის 132-ე, 133-ე და ა.შ. მუხლები განსაზღვრავენ ისეთ შემთხვევებს, როდესაც ხანდაზულობის ვადა ჩერდება.

ხანდაზმულობის ვადის შეჩერებასთან დაკავშირებული გარემოებები ორი კატეგორიის შეიძლება იყოს:

პირველ კატეგორიაში შედის ისეთი გარემოებები, რომლებიც ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე პირს ართმევს მოთხოვნის წარდგენის შესაძლებლობას,

მაგ: სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული მორატორიუმი შესასრულებელი ვალდებულების მიმართ, ფორს-მაჟორი და ა.შ.

მეორე კატეგორიაში შედის ისეთი შემთხვევები, როდესაც ურთიერთობათა ხასიათიდან გამომდინარე ხანდაზმულობის ვადის დენა არ არის მიზანშეწონილი.

მაგ: მეუღლეთა ქორწინების განმავლობაში ხანდაზმულობის ვადა ჩერდება.

ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერება ხდება მაშინ, თუ კანონით განსაზღვრული გარემოებები წარმოიშვნენ ან განაგრძობენ არსებობას ხანდაზმულობის ვადის უკანასკნელი ექვსი თვის ფარგლებში.

მაგ: ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება შეჩერდეს, თუ ერთ-ერთ შემაჩერებელ გარემობას ადგილი ჰქონდა ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყებიდან ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ ან შემაჩერებელი გარემოება წარმოიშვა ადრე (ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვს თვემდე), მაგრამ განაგრძობს არსებობას ხანდაზმულობის ვადის ბოლო ექვსი თვის ფარგლებშიც.

ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება მისი ბოლო ექვსი თვის დაწყებისთანავე.

მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა სამი წელია და ორი წლისა და სამი თვის გასვლის შემდეგ წარმოიშობა მისი შემაჩერებელი გარემოება, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, ხანდაზმულობის ვადა შეჩერდება ორი წლისა და ექვსი თვის გასვლის შემდეგ.

თუ ხანდაზმულობის ვადა ექვს თვეზე ნაკლებია, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა შეჩერდება ხანდაზმულობის მთელი ვადის ყოველ მომენტში.

მაგ: თუ ხანდაზმულობის ვადა ხუთი თვეა, ის შეიძლება შეჩერდეს, თუნდაც, მისი დაწყებიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ.

[1] სამოქალაქო კოდექსის 135-ე მუხლი.