ხანდაზმულობა, სესხის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
April 24, 2016
სესხის არსებობის აღიარება
April 25, 2016

ხანდაზმულობის გასვლის შედეგები

მოთხოვნის ხანდაზმულობას გააჩნია კონკრეტული სამართლებრივი შედეგი- გამსესხებელი აღარ არის უფლებამოსილი, იძულებითი წესით, სასამართლოს მეშვეობით დაიკმაყოფილის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნა.

სესხის ხანდაზმულობა არ გულისხმობს, გამსესხებლის უფლების შეზღუდვას- მიმართოს სასამართლოს. გამსესხებელი უფლებამოსილია, ხანდაზმულობის მიუხედავად, მიმართოს სასამართლოს სარჩელით და მოითხოვოს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება, თუმცა თუ მსესხებელი შესაგებელში მიუთითებს ხანდაზმულობის შესახებ, მაშინ სასამართლო არ დააკმაყოფილებს გამსესხებლის მოთხოვნას.

იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი არ შეიტანს შესაგებელს, ან არ მიუთითებს ხანდაზმულობის შესახებ, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, სამოქალაქო სამართალწარმოებაში არსებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თვითონ მიუთითოს ხანდაზმულობაზე და არ დააკმაყოფილოს გამსესხებლის მოთხოვნა. პრაქტიკაში ხშირია აღნიშნული სამართლებრივი პრობლემა, როდესაც სასამართლო აკმაყოფილებს გამსესხებლის მოთხოვნას, ხანდაზმულობის მიუხედავად, მხოლოდ იმის გამო, რომ მსესხებელმა არ მიუთითა ხანდაზმულობის შესახებ, არ შეიტანა შესაგებელი, ან საერთოდ დაემალა სასამართლო პროცესს.

თუ მსესხებელმა ხანდაზმულობის მიუხედავად მაინც შეასრულა თავისი ვალდებულება, მაშინ მას არ შეუძლია ხანდაზმულობაზე მითითებით უკან გამოითხოვოს შესრულება.

მაგ: “A”-მ ისესხა 10.000 ლარი “B”-სგან, მას სესხი უნდა დაებრუნებინა 2016 წლის 1 აპრილამდე, რაც მან არ გააკეთა. 2020 წლის 10 მარტს, “A”-მ დააბრუნა სესხი.

მოცემულ შემთხვევაში “B”-ს მოთხოვნა “A”-ს მიმართ ხანდაზმული გახდა 2019 წლის 1 აპრილის შემდგომ, მიუხედავად ხანდაზმულობისა, “A”-მ მაინც შეასრულა ვალდებულება, შესაბამისად, იგი ვერ მოითხოვს ხანდაზმულობაზე მითითებით, შესრულების უკან გამოხმობას.

მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. დამატებითი მოთხოვნებია: ზიანის ანაზღაურების, სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოს და სხვა ფულადი ვალდებულების გასტუმრების მოთხოვნები.

მაგ: ანა ვალდებული იყო  დაებრუნება გიორგისთვის სესხი- 10.000 ლარი, 2014 წლის 20 იანვრამდე, ხოლო ვალდებულების დროულად შეუსრულებლობისათვის იგი ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიური პროცენტი 200 ლარის ოდენობით.

ამ შემთხევაში გიორგის მოთხოვნის ხანდაზმულობა აითვლება 2014 წლის 21 იანვრიდან, ანუ მისი მოთხოვნა ხანდაზმული იქნება 2017 წლის 21 იანვარს. ასეთ შემთხვევაში ყველა იმ პროცენტის გადახდის მოთხოვნაც ხანდაზმული იქნება, რომლებიც წარმოიშვა ძირითადი ვალდებულების- სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის, მიუხედავად იმისა, თუ როდის წარმოიშვნენ ისინი. მაგ: 2017 წლის იანვარში წარმოშობილი პროცენტის გადახდის ვალდებულებაც ხანდაზმული იქნება.

აღსანიშნავია, რომ ხანდაზმულობის ვადებისა და მათი გამოთვლის წესის შეცვლა მხარეთა შეთანხმებით დაუშვებელია. ასეთი შეთანხმება იქნება ბათილი და არ იქონიებს იურიდიულ ძალას.