უძრავ ქონებაზე ყადაღის დადება
October 1, 2017
აღსრულების შეჩერება
October 1, 2018

ყადაღა მოძრავ ქონებაზე

მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადება ნიშნავს მოვალის ქონების აღწერას, მესაკუთრისათვის ქონების განკარგვის – ნებისმიერი ფორმით გასხვისების, დაგირავების, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებების დადების – აკრძალვის გამოცხადებას ან/და ქონების შესანახავად გადაცემას.

ბათილია ნებისმიერი გარიგება ყადაღადადებულ მოძრავ ნივთებზე.

მაგ: ყადაღადადებული მოძრავი ნივთის გაყიდვა და დაგირავება. ასეთი გარიგებები იქნება ბათილი.

აღმასრულებელი ყადაღადადებულ ნივთებს აღნუსხავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

აღმასრულებელს ყადაღადადებული ფული დაუყოვნებლივ შეაქვს აღსრულების ეროვნული ბიუროს სადეპოზიტო ანგარიშზე, ხოლო ყადაღადადებულ ფასიან ქაღალდებსა და ძვირფასეულობას იგი იღებს და ინახავს ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ, დაცულ სათავსში.

ეს ეხება სხვა ყადაღადადებულ ნივთებსაც, თუ არსებობს ამ ნივთების ხელყოფის საშიშროება.

თუ ყადაღადადებული მოძრავი ნივთები რჩება მოვალესთან ან შესანახად ბარდება სხვა პირს, მაშინ ყადაღის დადება შეიძლება მოხდეს დალუქვით.

ყადაღადადებული ქონების მოვალის ან მინდობილი პირის – შემნახველის მიერ ყოველგვარი განკარგვა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

აღმასრულებელს კრედიტორის მოთხოვნით ან თავისი ინიციატივით, აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლია დალუქოს აღწერილი ნივთები,რასაც აღნიშნავს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში.

ნაყოფს, რომელიც ჯერ არ არის მოცილებული მიწას, შეიძლება დაედოს ყადაღა მანამ, სანამ არ მომხდარა უძრავ ქონებაზე აღსრულება. ყადაღის დადება არ შეიძლება მოხდეს მოსავლის მოწევამდე ერთი თვით ადრე.

მესამე პირის პრეტენზიები დაყადაღებულ მოძრავ ნივთებზე

თუ მოვალის ქონებაზე ყადაღის დადებისას მესამე პირი განაცხადებს ამ ქონებაზე თავის უფლებას, იგი მაინც შეიტანება ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტში და კეთდება აღნიშვნა. აღმასრულებელი პირს იმავდროულად განუმარტავს მის უფლებას – მიმართოს სასამართლოს სარჩელით ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

თუ მესამე პირი წარმოადგენს ქონებაზე თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს, აღმასრულებელი, კრედიტორის თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია ეს ქონება ამორიცხოს ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტიდან.