საქართველოს ეკონომიკაში ფულად გადარიცხვებს უცხოური ვალუტის შემოდინებაში ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი უჭირავთ ექსპორტთან, პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან და ტურიზმთან ერთად.
ესაა ის თანხა, რომელსაც ქართველი ემიგრანტები სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს უგზავნიან.
ხშირად, ჩვენი ქვეყნის დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის ეს შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ფულადი გადარიცხვებით მიღებული ფინანსური რესურსი ძირითადად ყოველდღიურ ხარჯებზე – კვებაზე, სამედიცინო ხარჯებზე, კომუნალურ გადასახადებსა და სამომხმარებლო სესხებზე იხარჯება.
თუმცა, ბოლოდროინდელი ტენდენციების თანახმად, უფრო და უფრო ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ფულადი გზავნილები საქართველოში ხმარდება განათლების მიღებას და მცირე ბიზნესის წამოწყებასაც.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2020 წლის პირველ 7 თვეში ქვეყანაში ფულადი გზავნილების სახით 957,6 მილიონი აშშ დოლარი შემოვიდა. ამ მხრივ ყველაზე პასიური თვე იყო აპრილი, როდესაც მხოლოდ 79,1 მლნ დოლარი გადმოირიცხა, ყველაზე აქტიური კი – ივლისი, 188,7 მლნ-ის ჩარიცხვით.
თუ ფულადი გზავნილების სტატისტიკას გასული წლის მონაცემებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ გზავნილების შემოდინება 2019 წელს მეტი სტაბილურობით ხასიათდებოდა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ახალი კორონავირუსის პანდემიაა. ჯამში, 2019 წელს საქართველოში სხვა ქვეყნებიდან რეკორდული 1.73 მილიარდი დოლარი შემოვიდა.
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც ყველაზე მეტი ფინანსური რესურსი იგზავნება, წლიდან წლამდე თითქმის არ იცვლება. ყველაზე დიდი მოცულობის თანხა კვლავაც რუსეთის ფედერაციიდან შემოდის, სადაც ყველაზე მეტი ემიგრანტი ცხოვრობს. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციიდან გადმორიცხული თანხა ყოველწლიურად მცირდება, რაც სავარაუდოდ, რუსეთში მიმდინარე ეკონომიკურ კრიზის უკავშირდება.
ასევე, 10%-ით შემცირებულია ფულადი გადარციხვები თურქეთიდან.
საყურადღებოა, რომ ფულად გზავნილებში მნიშვნელოვნად იზრდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების წილი, მაგალითად, ფულადი გზავნილები გერმანიიდან 2019 წელს 20%-ით გაიზარდა, იტალიიდან – 24%-ით, პოლონეთიდან კი -70%-ით. მნიშვნელოვნად გაზრდილია ფულადი გზავნილები უკრაინიდან – აქ 49%-იანი ზრდა ფიქსირდება.
საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, იმ ქვეყნების სია, საიდანაც 2019 წელს ყველაზე მეტი გზავნილი შემოვიდა ასე გამოიყურება:
ისევე, როგორც სხვა განვითარებად ქვეყნებში, საქართველოშიც მოსახლეობის დიდი ნაწილია ფინანსურად დამოკიდებული ფულად გზავნილებზე. საქართველოსთვის, ეს მაჩვენებელი პირდაპირ უკავშირდება მთლიან შიდა პროდუქტს (მშპ-ს).
ფულადმა გზავნილებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენაც მოახდინონ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე. ხშირია შემთხვევები, როდესაც ემიგრანტ ახლობლებზე დამოკიდებული პირები ნაკლებად ცდილობენ დამატებითი შემოსავლის მოძიებას – არ ეძებენ სამსახურს და არ ერთვებიან ეკონომიკურ საქმიანობაში. შედეგად კი, ასე მიღებული ფული მოხმარებაზე იხარჯება და არა – განვითარებაზე.
აღსანიშნავია, რომ უცხოური ვალუტის შემოდინების თვალსაზრისით, ფულადი გზავნილები ქვეყნისთვის შედარებით სტაბილური შემოსავალია. მეტიც, როდესაც ფინანსური რესურსების მიმღებ ქვეყანაში კრიზისია, როგორც წესი, ფულადი გზავნილების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, თუ ახალი კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ მკვეთრად შეამცირა ტურისტებისა და პირდაპირი უცხური ინვესტიციების შემოდინება, ფულად გზავნილებზე ეს კრიზისი ნაკლებად აისახა.
შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეკონომიკური მდგრადობის მხრივ, ფულადი გზავნილები, საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ჩვენი ქვეყნისთვის.