სესხის პროცენტის შემცირება
May 29, 2016
სესხის პროცენტის ოდენობა
May 30, 2016

loansსესხის პროცენტის შემცირება

წარმოგიდგენთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სუსგ.№ას-970-928-2013, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე, რომლის  შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულის თანახმად, საქართველოს მოქალაქეთა  ურყევი ნებაა დაამკვიდრონ დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილება, ეკონომიკური თავისუფლება, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფო. ყოველივე ამის საფუძველი სტაბილური ეკონომიკური ბრუნვა და ბრუნვის მონაწილეთა ძირითადი უფლებების დაცვაა.

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების  მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დასტურდება ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისაგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად ჩათვალა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება კანონსაწინააღმდეგოდ სესხისათვის 5% სარგებლის დადგენის ნაწილში და აღნიშნული პირობა მხოლოდ ნაწილობრივ – 1,5%-ის ოდენობით სარგებლის დადგენის ნაწილში მიიჩნია მართლზომიერად.

სასამართლოს მითითებით, დადგენილია, რომ 2011 წლის 06 აპრილიდან  2012 წლის იანვრამდე მონაკვეთში პროცენტის სახით გადახდილია 11250 აშშ დოლარი.  სასამართლომ აღნიშნა, რომ ისეთ გარემოებებში, როცა სესხის ხელშეკრულება იყო გაფორმებული 3 თვის ვადით, ხელშეკრულება არ შეიცავდა დათქმას მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნებამდე სარგებლის დარიცხვის  გაგრძელების თაობაზე  და საქმის მასალებით არ დასტურდება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გაგრძელება, პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მხარის მიერ ნებაყოფლობით განხორციელებული გადახდები გულისხმობდა სასესხო ვალდებულების ძირი თანხის დაფარვის ანგარიშში განხორციელებულ გადახდებს. სასამართლოს მიერ გონივრულად მიჩნეული საპროცენტო განაკვეთის  ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ანუ სამი თვის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, გ. ბ-ე სარგებლის სახით ვალდებული იყო გადაეხადა ყოველთვიურად 375 აშშ დოლარი.

სესხი გაიცა სამი თვის ვადით, ამიტომ მოპასუხეს სარგებლის სახით უნდა გადაეხადა 1125 აშშ დოლარი. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ 11250 აშშ დოლარიდან მოპასუხის მიერ გონივრული და სამართლიანი სარგებლის სახით გადახდილი თანხის 1125 აშშ დოლარის გარდა, მოსარჩელის მიმართ ანაზღაურებულია სესხის ძირითადი თანხის ნაწილიც, კერძოდ 10125 აშშ დოლარი. ამავე მსჯელობის გათვალისწინებით, გ. ბ-ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სესხის ძირითადი თანხის დაკისრების მიზნით სწორად დაეკისრა მხოლოდ 14 875 აშშ დოლარი (25000+1125-11250=14875).

იხ. ასევე სტატია სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნაზე.