თავდებობის საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს არა მხოლოდ მსესხებლისგან, არამედ მესამე პირის – თავდებისგანაც.
მაგ: A-მ ისესხა B-სგან ხუთი ათასი ლარი. A-ს მეგობარმა C-მ დადო თავდებობის ხელშეკრულება B-სთან და იკისრა A-ს თავდებობა.
ამ შემთხვევაში A და B-ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ძირითად ხელშეკრულებას, რომლიდან გამომდინარე B-ს მოთხოვნა უზრუნველყოფილია B და C-ს შორის დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, რომლის საფუძველზეც B უფლებამოსილია „A“-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. მოითხოვოს სესხის დაბრუნება „C”-სგანაც.
ზოგადი წესის თანახმად სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს ფარდობითი ურთიერთობის საფუძველს, რაც ნიშნავს იმას, რომ გამსესხებლის წინაშე, სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, ეკისრება მხოლოდ მსესხებელს.
მაგ: გამსესხებელი ვერ მოითხოვს სესხის დაბრუნებას მსესხებლის ნათესავებისგან, ოჯახის წევრებისგან და ა.შ.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრულება გამსესხებელს აძლევს საშუალებას სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნები დაიკმაყოფილოს მოვალის გარდა ასევე მესამე პირის- თავდებისგანაც, რომელიც შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი.
მაგ: „A”-მ ისესხა ათი ათასი ლარი „B”-სგან, ხოლო „C”-მ იკისრა თავდებობა.
თუ “C”-ს თავდებობამდე, „B”-ს სესხის დაბრუნების მოთხოვნა შეეძლო მხოლოდ “A”-სგან, ახლა იგი უფლებამოსილია „A”-ს მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იყოს უზრუნველყოფილი თავდების მიმართ მოთხოვნის შესაძლებლობით.
ამდენად, თავდებობის ხელშეკრუკრულების საფუძველზე გამსესხებელი უფლებამოსილია მსესხებლის გარდა, თავისი მოთხოვნა დაიკმაყოფილოს თავდებისგანაც, თუმცა თავდები არ იმყოფება მოვალის იდენტურ სამართლებრივი მდგომარეობაში, თავდებობის შესახებ რეგულაციები მკაცრად განსაზღვრავენ გამსესხებლის და თავდების უფლება-მოვალეობებს, რომლებიც განსხვავდება გამსესხებლის და მსესხებლის უფლება-მოვალეობებისგან, მაგ: თავდების მიმართ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, მისი პასუხისმგებლობა მცირდება, ამავდროულად მას გააჩნია პასუხისმგებლობის ლიმიტი და ა.შ.