როგორ შევარჩიოთ ყველაზე მისაღები ონლაინ სესხი?
March 7, 2016
სესხის პროცენტი
May 24, 2016

სესხის პროცენტის შემცირება

წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N2/8039-14, რომელიც ეხება ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას.

საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივად ბათილად სცნო, მხარეთა მიერ განსაზღვრული სესხის საპროცენტო განაკვეთი, ნაცვლად ყოველთვიური 5%-ისა, რაც წლიური პროცენტის სახით შეადგენს 60%, მოპასუხეს დაეკისა წლიური 9% ანაზღაურება(ყოველთვიური 0,75%).

სასამართლომ განმარტა, რომ გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს,  ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში.

შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.

სასამართლოს მოსაზრებით ისეთ პირობებში, როცა საქმის მასალებით დადგენილია ფიზიკური პირების მიერ თანხების სესხად აღება ფიზიკური პირისგან, გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილი საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობებისთვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს.

იხ. ასევე ჩვენი სტატია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე.

იხ. ასევე ჩვენი სტატია სესხის სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნაზე.