მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა
May 25, 2016
სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურება
August 1, 2016

სესხის პროცენტისა და ზიანის ანაზღაურების გამიჯვნა

პრაქტიკული თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, ერთ მხრივ სესხის სარგებლის (პროცენტის) ცნება და მეორე მხრივ სესხის ხელშეკრულების დარღვევისათვის გადასახდელი ზიანის ანაზღაურება.

სესხის სარგებლის, იგივე პროცენტის ცნება განსაზღვრულია სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლში. ონლაინ სესხების კომპანიების ხელშეკრულებაში, იგი მოხსენებულია, როგორც სესხის საკომისიო.

სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით გათვალისწინებული პროცენტი, რომელიც თავისი შინაარსით სარგებელია, განსხვავდება საჯარიმო პროცენტისა და პირგასამტეხლოსგან, რომლებიც წარმოადგენს იმ ზიანს, რაც განიცადა კრედიტორმა ფულადი თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევის გამო.

მაგ: „A”-მ აიღო ონლაინ სესხების კომპანია “B”-სგან სესხი, 900 ლარის ოდენობით, 30 დღის ვადით. სესხის საკომისიომ (პროცენტმა) შეადგინა 100 ლარი, ამდენად „A”-ს უნდა დაებრუნებინა სესხის ძირი თანხა 900 ლარი და სესხის პროცენტი- 100 ლარი, სულ 1000 ლარი.

ამასთან სესხის ვადის გადაცილებისათვის, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო 1 პროცენტის ოდენობით, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.

მოცემულ შემთხვევაში, თუ „A“ 5 დღის ვადაგადაცილებით განახორციელებს ვალდებულებას, იგი ვალდებული იქნება დამატებით გადაიხადოს პირგასამტეხლო, გადასახდელი თანხის 5%-ის ოდენობით – 50 ლარი.

მსესხებლისთვის თანხის გადახდის თაობაზე მოთხოვნის წარდგენის პირობებში უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის საფუძველს, ვინაიდან სწორედ ეს უკანასკნელი განსაზღვრავს მოსარჩელისა და მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემოებათა წრეს. მაგალითისათვის, როდესაც მხარე ითხოვს სარგებელს, დაუშვებელია მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება, ვინაიდან სარგებლისა და ზიანის ანაზღაურების საფუძვლები სხვადასხვაა.[1]  

[1] სუსგ 1136-1067-2012