სესხის ხელშეკრულების შინაარსი
July 20, 2016
პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვა
August 4, 2016

loansსესხის პროცენტის შემცირება

წარმოგიდგენთ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე N-2/15104 -13, რომელიც ეხება იურიდიულ პირებს შორის დადებული სესხის პროცენტის შემცირებას.

„სასამართლო მიიჩნევს, რომ ყოველთვიურად სესხისათვის სარგებლის სახით 10 %-ის დაკისრება, რაც წლიურად უდრის 120%-ს არის შეუსაბამოდ მაღალი და ეწინააღმდეგება სამოქალაქო კანონმდებლობით გამყარებულ მხარეთა თანასწორობის პრინციპს.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად და მოპასუხეს პროცენტის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაეთვალოს ძირ თანხაში.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან.

სასამართლო მიიჩნევს, რომ გამსესხებლის მიერ ბაზარზე საკრედიტო დაწესებულებების კრედიტებზე დადგენილ საშუალო საპროცენტო განაკვეთებზე ბევრად მეტი ოდენობით პროცენტის განსაზღვრა ეწინააღმდეგება ვალდებულებით- სამართლებრივი ურთიერთობებისათვის დადგენილ კანონის ძირითად პრინციპებს, შესაბამისად, საჯარო წესრიგს და ზნეობრივ სტანდარტებს და ზემოთ მოყვანილი ნორმის შესაბამისად ბათილია.

საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებ გვერდის მონაცემებით (http://nbg.gov.ge , საპროცენტო განაკვეთების სტატისტიკა), 2011-2012 წლებში უცხოურ ვალუტაში გრძელვადიანი სესხების საშუალო წლიური საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათვის უცხოურ ვალუტაში შეადგენდა 14,5 %, რაც თვეში საშუალოდ 1.2%.-ის ტოლია.

სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის არსებული სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხისა და სესხით სარგებლობისათვის პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს სწორედ ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად.

როგორც აღინიშნა, სესხისათვის სარგებლის სახით განისაზღვრა ყოველთვიურად სესხის ძირი თანხის – 55 500 აშშ დოლარის 10%-ის გადახდა.

მოსარჩელის ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მსესხებელს სესხის პროცენტის სახით სულ გადახდილი აქვს 55 855 აშშ დოლარი.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების შესაბამისად, შეთანხმებული საპროცენტო განაკვეთი არის შეუსაბამოდ მაღალი და მოპასუხეს პროცენტის სახით გადახდილი თანხა უნდა ჩაეთვალოს ძირ თანხაში გადახდილად და მოსარჩელისათვის გადასახდელი თანხა უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:

სესხის ძირითადი თანხის 55 500 აშშ დოლარის წლიური 14.5 % (ეროვნული ბანკის სტატისტიკური მონაცემების შესაბამისად დადგენილი ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი იურიდიული პირებისათვის) შეადგენს 8047.50 აშშ დოლარს, რაც უნდა გამოაკლდეს მსესხებლის მიერ პროცენტის სახით გადახდილ სარგებელს 55 855 – 8047.50

= 47807.50, 47807.50 აშშ დოლარი მოპასუხის მიერ გადახდილია – უნდა ჩაითვალოს სესხის ძირი თანხის ანგარიშში. შესაბამისად, 55 500 – 47 807.50 = 7 692.50. ამდენად, მოსარჩელისათვის გადასახდელი სესხის ძირი შეადგენს 7692.5 აშშ დოლარს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მსესხებელი ნაწილობრივ შესრულებული აქვს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ამიტომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.”

 იხ. ასევე ჩვენი სტატია პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე.