არსებული პრაქტიკის მიხედვით, სესხის ამომღები კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ძირითადად ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი თანამშრომლები არიან, უკავშირდებიან პრობლემურ კლიენტებს და ერთგვარ შანტაჟს მიმართავენ მათ წინააღმდეგ, ემუქრებიან სასამართლოთი, ქონების გაყიდვით და ათასგვარი პრობლემის შექმნით, რის შემდეგაც შეშინებული კლიენტი შედის მათთან გარიგებაში და ზეპირი შეთანხმების საფუძველზე იწყებს თანხის გადახდას.
სწორედ აქ ხდება ძირითადი შეცდომის დაშვება კლიენტების მხრიდან. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, მათ მიერ გადახდილი თანხა, წარმოშობის მნიშვნელოვან სამართლებრივ შედეგებს: მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა წყდება და თავიდან აითვლება, ასევე დაპირებული შეღავათების მიღება მხოლოდ კრედიტორის კეთილ ნებაზე რჩება, რადგან არ არსებობს წერილობითი შეთანხმება, რომლის საფუძველზეც კლიენტს გააჩნია გარკვეული სამართლებრივი გარანტიები.
ამდენად, კლიენტის ფსიქიკაზე და მის არცოდნაზე ზემოქმედების შედეგად, ხშირად ხდება ისე, რომ მსესხებელი, რომელსაც აქვს ვალდებულება იხდის იმაზე რამდენიმეჯერ მეტს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ არ აყვება მსგავსი კომპანიების შანტაჟს და დაიცავს საკუთარ უფლებებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გვინდა რამდენიმე რჩევა მოგცეთ, რომელიც დაგეხმარებათ მსგავს სიტუაციაში მაქსიმალურად დაიცვათ თქვენი უფლებები:
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა, რომ ასეთ კომპანიებთან ურთიერთობისას მიმართოთ იურისტს, რომელსაც საქმის კურსში ჩააყენებთ, თითოეულ ქმედებასთან დაკავშირებით და მიიღებთ შესაბამის კონსულტაციას.
არასდროს ზეპირი შეთანხმება არ დადოთ ასეთ კომპანიებთან.
რაც არ უნდა დაგპირდნენ არ დაიჯეროთ, სანამ არ გადაამოწმებთ იურისტთან. წერილობითი მორიგების შემთხვევაში, აუცილებლად მორიგების შესახებ შეთანხმება ანახეთ იურისტს.
დაპირებების მიუხედავად, არ გადაიხადოთ მცირე თანხაც კი, რადგან თანხის გადახდა განაპირობებს, თქვენ მიმართ არსებული მოთხოვნის ხანდაზმულობის შეწყვეტას და თავიდან ათვლის დაწყებას. ამავდროულად აღნიშნული თანხის გადახდით ვერ გააუმჯობესებთ თქვენს მდგომარეობას.
სასამართლოში დავა გარკვეულწილად თქვენ ინტერესებშია, რადგან სასამართლო, როგორც წესი ჯარიმების და სესხის პროცენტის არაგონივრულ ოდენობას მნიშვნელოვნად ამცირებს, შესაბამისად თუ თქვენი მხრიდან მოხდება ეფექტიანად თავის დაცვა სასამართლოში, თქვენ მხოლოდ მოგებული დარჩებით ამით.
სასამართლოში დავის შემთხვევაში აუცილებლად გახსვოდეს, რომ აუცილებელი დროულად მოხდეს შესაგებლის შეტანა და სასამართლოში გამოცხადება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო დავა თქვენთვის ძალიან ნეგატიურლად დამთავრდება.
ამდენად, არ დაუშვათ სხვების მიერ უკვე მრავალგზის დაშვებული შეცდომა, არ შეხვიდეთ ზეპირ გარიგებაში სესხების ამომღებ კომპანიებთან და მათ წარმომადგენლებთან, ისინი აუცილებლად მოგატყუებენ და დაგაზარალებენ. დაიცავით საკუთარი უფლებები სასამართლოში.