პირგასამტეხლოს დარიცხვა
April 24, 2016

პირგასამტეხლოს და ზიანის ანაზღაურება

ამ სტატიაში განიხილება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას შორის მიმართება.

პირგასამტეხლო წარმოადგენს მინიმალური ზიანის ანაზღაურების ოდენობას, რაც ნიშნავს, იმას, რომ თუ ფაქტობრივად დამდგარი ზიანი უფრო მეტი ოდენობისაა, ვიდრე პირგასამტეხლო, მაშინ კრედიტორი უფლებამოსილია მოითხოვოს მთლიანი ზიანის ანაზღაურება, თუმცა იგი ვეღარ მოითხოვს ამავდროულად პირგასამტეხლოს გადახდასაც. ან მას შეუძლია მოითხოვოს პირგასამტეხლო და მას დამატებული ზიანის ანაზღაურება იმ ოდენობით რამდენითაც ზიანი აღემატება პირგასამტეხლოს.

მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილებამ საერთო ჯამში გამოიწვია ზიანი 1000 ლარის ოდენობით, ამავდროულად 300 ლარის პირგასამტეხლო დაერიცხა სესხს. ასეთ შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია მოითხოვოს 1000 ლარის ანაზღაურება, იგი ვერ მოითხოვს 1300 ლარის ანაზღაურებას.

პირგასამტეხლოს გამოყენების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ პირგასამტეხლოს არსებობა გულისხმობს უპირობოდ მის გადახდას მოვალეობას, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში და გამსესხებელი აღარ იქნება ვალდებული ამტკიცოს ზიანის არსებობა.

იურიდიულ ლიტერატურაში გვხვდება სხვადასხვა ტიპის პირგასამტეხლო:

ჩასათვლელი – როცა პირგასამტეხლო ითვლება ზიანის ანგარიშში.

საჯარომო- როცა კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს როგორც ზიანის ანაზღაურება ასევე პირგასამტეხლო.

ალტერნატიული – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ან ხელშეკრულების შესრულება, ან ზიანის ანაზღაურება, ან პირგასამტეხლო.

ექსკლუზიური – კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოსს მხოლოდ პირგასამტეხლოს გადახდა.

საქართველოს კანონმდებლობა ცნობს მხოლოდ ჩასათვლელ და ალტერნატიულ პირგასამტეხლოს, ხოლო საჯარიმოს და ექსკლუზიურს არ იცნობს. ამ საკითხს ეხება უზენასი სასამართლოს გადაწყვეტილება:[1]

“დაუშვებელია, ერთდროულად მოვალისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოსა და გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით განსაზღვრული პროცენტის გადახდევინება, რამეთუ, როგორც პირგასამტეხლო, ისე გადახდის ვადის გადაცილებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტი წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების თანხას და არ შეიძლება ერთისა და იმავე დარღვევისათვის მოვალეს დაეკისროს გადახდა გაორმაგებული სტანდარტით, მითუმეტეს მაშინ, როცა სკ-ს 403-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, ვადის გადაცილების გამო კანონით გათვალისწინებული პროცენტი მოვალეს დაეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, მას უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.”

ამ შემთხვევაში მართალია საკითხი ეხებოდა ისეთ შემთხვევას, როცა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო ერთდროულად  პირგასამტეხლოც და საჯარიმო პროცენტიც, თუმცა ანალოგიური მიდგომაა, როცა საქმე ეხება პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებას ზოგადი საფუძვლებით.

პირგასამტეხლოდან გამომდინარე პასუხისმგებლობა არ დადგება, თუ ვალდბულების დარღვევისთვის მოვალეს პასუხისმგებლობა არ ეკისრება საერთო საფუძვლებით.

მაგ: სესხის დაბრუნების ვადის გადაცილება განპირობებული იყო დაუძლეველი ძალით. ამ შემთხვევაში მსესხებელს არ დაეკისრება პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, მიუხედავად იმისა, რომ მან გადააცილა სესხის დაბრუნების ვადას.

[1] სუსგ. (N-3კ-422-03)