რა არის პირგასამტეხლო
April 24, 2016
პირგასამტეხლოს დარიცხვა
April 24, 2016

loansპირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

პირგასამტეხლოზე შეთანხმებისას, მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს სამართლიანობის საფუძველზე. მხარეები თანხმდებიან იმ მინიმალური ზიანის ოდენობაზე, რომელიც შეიძლება დადგეს ვალდებულების შეუსრულებლობით. პირგასამტეხლოზე შეთანხმება ათავისუფლებს გამსესხებელს დამდგარი ზიანის ოდენობის მტკიცების ტვირთისგან.

ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ განსაზღვრონ პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, თუმცა იმ შემთხვევაში თუ პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტს სცილდება, სასამართლო უფლებამოსილია მსესხებლის მოთხოვნით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, ამის შესაძლებლობას იძლევა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი.

იგივე მიდგომა უნდა გავრცელდეს პირგასამტეხლოს ისეთ ნაირსახეობებზე, როგორიცაა ჯარიმა, პროცენტი, საურავი და ა.შ.

შეესაბამება თუ არა სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა, სამართლიანობის სტანდარტებს, თითოეულ საქმეში  უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ.

წარმოგდიგენთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას:

„სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.[1]

ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი“ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.[2]

[1] სუსგ. (სუსგ Nას-1560-1463-2012)

[2] სუსგ.(№ას-501-477-2013)