მციერე მეწარმე თუ მიკრო მეწარმე? ასეთი შეკითხვით ხშირად მოგვმართავენ, ამიტომაც ამ სტატიაში გვსურს დეტალურად მიმოვიხილოთ ის თავისებურებები, რომელიც თითოეულ საგადასახადო რეჟიმს გააჩნია.
ორივე სტატუსის მატარებელი შეიძლება იყოს მხოლოდ ფიზიკური პირი. იურიდიული პირი ვერ გახდება, ვერც მცირე და ვერც მიკრო მეწარმე.
ეს არის სტატუსი, რომელიც საშუალებას აძლევს ფიზიკურ პირს დაიბეგროს შეღავათიანი საშემოსავლო განაკვეთით.
მცირე მეწარმე იბეგრება საშემოსავლოს 1%-იანი განაკვეთით, (20%-ის ნაცვლად), ხოლო მიკრო მეწარმე საერთოდ გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან.
მიკრო მეწარმის სტატუსის მიღება შესაძლებელია, თუკი თქვენი წლიური შემოსავალი 30.000 ლარზე ნაკლებია და თქვენი საქმიანობა არ ხვდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალში, რომელთა მიმართაც არ შეიძლება გაიცეს მიკრო მეწარმის სტატუსი.
მცირე მეწარმის სტატუსის მიღება შესაძლებელია, თუკი თქვენ ხართ ინდ. მეწარმე, თქვენი წლიური შემოსავალი არ აღემატება 500.000 ლარს და თქვენი საქმიანობა არ ხვდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალში, რომელთა მიმართაც არ შეიძლება გაიცეს მიკრო მეწარმის სტატუსი.
იურიდიულ პირებთან ურთიერთობა – მიკრო მეწარმის შემოსავლი გათავისუფლებულია საშემოსავლო გადასახადისგან, თუმცა იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას გარკვეული შეზღუდვები გააჩნია, კერძოდ იურიდიული პირის მხრიდან მიკრო მეწარმისთვის გადახდილი თანხა იბეგრება მოგების გადასახადით, რაც მიკრო მეწარმის სტატუსის მთავარი ნაკლია.
შემოსავლის ოდენობა – მიკრო მეწარმის შემოსავლები შეზღუდულია – დასაშვებია მხოლოდ წლიური 30.000 ლარის მიღება, მცირე მეწარმის შემთხვევაში ეს თანხა 500.000 ლარია.
დაბეგვრის ობიექტი – მცირე მეწარმის დაბეგვრის ობიექტია მისი ბრუნვა, მთლიანად მიღებული შემოსავლის ოდენობა, გამოქვითვების გარეშე.