კანონით დადგენილი სესხის პროცენტი
May 29, 2016
სესხის პროცენტის შემცირება
May 29, 2016

მიკროსაფინანსოების სესხის პროცენტის შემცირება

წარმოგიდგენთ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქმეზე სუსგ.№ას-663-629-2015, რომელიც ეხება მიკროსაფინანსო ორგანიზაცების მიერ გაცემული სესხის პროცენტის შემცირებას.

ფაქტობრივი გარემოებები:

მსესხებელმა მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „B”-სთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

გამსესხებელმა მსესხებელს, ერთი წლის ვადით  სესხის სახით გადასცა 14 000 აშშ დოლარი. სესხი სარგებელი განისაზღვრა თვეში 6 %-ით.

სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა მსესხებლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება.

2011 წლის 31 ოქტომბერს, მსესხებელმა ნაწილობრივ შეასრულა ვალდებულება, მსესხებელს გადაუხადა საპროცენტო დავალიანება 5550 აშშ დოლარი და ძირითადი თანხის ნაწილი, 4450 აშშ დოლარი; დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ მას გადასახდელი დარჩა 9550 აშშ დოლარი.

მსესხებელმა სარჩელი აღძრა სასამართლოში და მოითხოვა:

ა) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთის (6%) შემცირება 4%-მდე;

ბ) მის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებულად  და შეწყვეტილად აღიარება;

გ) სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების იპოთეკისაგან გათავისუფლება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით მსესხებლის შეუმცირდა სესხის საპროცენტო განაკვეთი 4%-მდე და გამსესხებლის სასარგებლოდ დაეკისრა 1320 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გამსესხებელმა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება:

უზენაესმა სასამართლომ უარი თქვა საჩივრის განხილვაზე და გააკეთა შემდეგი სახის განმარტება:

ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ.

„უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას,  ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი – ყოველთვიური 6%.   მართალია, ამ შეთავაზებას მსესხებელი დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება,  რადგანაც  კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის  პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“

ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და  კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება.

ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარგებლის  მართლზომიერების მტკიცების ტვირთი კასატორს აწევს სსკის 325- მუხლის პირველი  და სსსკ 102- მუხლის პირველი ნაწილების თანახმად, რაც მან ვერ დაამტკიცა.

ამრიგად, მხარეთა შორის დადებული 2010 წლის 2 ნოემბრის ხელშეკრულების დებულება [1.3 პუნქტი], რომლითაც კასატორმა სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელი განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.