კრედიტორის მოთხოვნა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება იყოს უზრუნველყოფილი, როგორიცაა პირგასამტეხლო, თავდებობა, იპოთეკა და ა.შ.
მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებების მიზანია, კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შეუწყონ ხელი.
მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა იპოთეკა, რომელიც კრედიტორს ანიჭებს უფლებას, მოთხოვნა დაიკმაყოფილოს იპოთეკის საგნიდან, სხვა კრედიტორებთან შედარებით უპირატესად.
იპოთეკარის მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ვის ხელშიც არ უნდა იყოს ეს უძრავი ქონება, როგორც არ უნდა განიკარგოს იგი, სანამ იპოთეკარი არ დაიმაყოფილების თავის მოთხოვნას, მისი იპოთეკის უფლება იქნება ხელშეუხებელი, მათ შორის სხვა კრედიტორების მხრიდანაც.
მაგ: „A“-ს აქვს „C“-ს მიმართ ვალი. ამავდროულად მას საკუთრებაში გააჩნია მხოლოდ ერთი ბინა, რომელიც „C“-ს სასარგებლოდ არის დატვირთული იპოთეკით.
“A”-მ მიყიდა აღნიშნული ბინა “B”-ს, ამავდროულად მან არ გადაიხადა “C”-ს მიმართ ვალი.
ასეთ შემთხვევაში “C”, როგორც იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს აწ უკვე „B”-ს საკუთრებაში არსებული ბინის რეალიზაცია, მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის.
იგივე სიტუაცია იქნება, მაშინაც, როდესაც „A”-ს ბინის რეალიზაცია მოხდება სხვა მევალეების მოთხოვნით, თუნდაც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იძულებითი აუქციონის გზით. ასეთ შემთხვევაშიც, „C”_ს იპოთეკის უფლება იქნება ხელშეუხებელი.
იპოთეკის საგანი უძრავი ნივთია და მასთან დაკავშირებული უფლებები.
უძრავი ნივთები: მიწა, სახლი, ბინა, კომერციული შენობა და ა.შ.
უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლებები: უზუფრუქტი, აღნაგობა, სერვიტუტი.
იპოთეკის დროს არსებობს ორი სახის სამართლებრივი ურთიერთობა, რომლებიც მკაცრად განსხვავდებიან.
1)სანივთო–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარსა და იპოთეკის საგნის მესაკუთრეს შორის. იპოთეკის საგნის მესაკუთრესა და იპოთეკარს შორის დადებულია იპოთეკის ხელშეკრულება, რომელიც წარმოშობს იპოთეკის უფლებას.
2)ვალდებულებით–სამართლებრივი ურთიერთობა იპოთეკარს(კრედიტორსა) და მოთხოვნის პირად მოვალეს შორის. იპოთეკარსა და მოვალეს შორის დადებული ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულება (მაგ: სესხი, ნასყიდობა, ნარდობა და ა.შ.), რომლიდან გამომდინარე იპოთეკარის მოთხოვნის უზრუნველყოფის ფუნქციას ასრულებს იპოთეკის ხელშეკრულება.
აღსანიშნავია, რომ არ არის აუცილებელი მოვალე და იპოთეკის საგნის მესაკუთრე იყოს ერთიდაიგივე პიროვნება. მაგ: „A“-ს აქვს „B“-ს ვალი და „B“-ს მოთხოვნა უზრუნველყოფია „C“-ს ბინით.
ამ შემთხვევაში „B“-სა და „C“-ს შორის არსებობს სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობა, ისინი არიან იპოთეკარი და იპოთეკარის საგნის მესაკუთრე, ხოლო „A“-სა და „B“-ს შორის არსებობს ვალდებლებით-სამართლებრივი ურთიერთობა (სესხის ხელშეკრულების საფუძველზე).
იპოთეკის უფლება ორგანულად დაკავშირებულია ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობასთან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტა, მისი საფუძვლების (ხელშეკრულების) ბათილად ცნობა, განაპირობებს ავტომატურად სანივთო ურთიერთობის შეწყვეტასაც.
და ბოლოს, აღსანიშნავია, რომ იპოთეკა, როგორც სანივთო უფლება ძალაში შედის მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაციისათვის საჭიროა წერილობითი ფორმით დადებული იპოთეკის ხელშეკრულების წარდგენა საჯარო რეესტრში. (ფიზიკურ პირებს შორის დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დადებული იპოთეკა საჭიროებს ნოტარიულ დამოწმებას).