პროცენტის რთული და მარტივი დარიცხვა
August 4, 2016
ავტო ლიზინგი – რას წარმოადგენს?
June 21, 2018

ახალი რეგულაციები სესხებზე – რას უნდა ველოდოთ?

2018 წლის 7 მაისიდან ძალაში შევიდა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება, რომლის საფუძველზეც ბანკებს სესხების შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემაზე გარკვეული შეზღუდვები დაუდგინდათ.

ბანკები, რომლებიც გარკვეულ ლიმიტს მიაღწევენ, დაკარგავენ უფლებას, გასცენ ნებისმიერი ტიპის სესხი მომხმარებლის შემოსავლების დეტალური შეფასების გარეშე.

ახალი რეგულაციის მიხედვით, შემოსავლების დადასტურების გარეშე გაცემული სესხების საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

რას გამოიწვევს ეს ცვლილება?

სესხის მიღებას ვეღარ შეძლებენ ისეთი პირები, რომლებსაც ოფიციალურად არ უფიქსირდებათ შემოსავალი.

მაგ: გლეხი, რომელიც მოიყვანს მოსავალს და გაყიდის ბაზარში, რეპეტიტორი, რომელიც არ არის ოფიციალური გადამხდელი, ტაქსის მძღოლი და ა.შ.

ყველა ის პირი, ვისი შემოსავლების შესახებ სახელმწიფოს არ აქვს ინფორმაცია.

შესაბამისად, ასეთი პირები ვერ შეძლებენ სესხის მიღებას, მათ შორის ვერ გამოიტანენ საყოფაცხოვრებო ტექნიკას განვადებით მაღაზიებიდან.

რამდენად დიდია ასეთი პირების რაოდენობა?

შემოსავლების სამსახურში არსბეული ინფორმაციის თანახმად, 2017 წელს ქვეყანაში საშემოსავლო გადასახადს 1.18 მილიონი ადამიანი იხდიდა, შესაბამისად, ამ პირებს საკუთარი შემოსავლების შესახებ ინფორმაციის დადასტურება მარტივად შეუძლიათ.

თუმცა იმ ადამიანებს, რომლებიც არც სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან და არც საშემოსავლო გადასახადს არ იხდიან, შემოსავლის ოფიციალური დადასტურება გაუჭირდებათ.

სახელმწიფოს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.76 მილიონი ადამიანი. თუმცა თუ საშემოსავლო გადასახადს მხოლოდ 1.18 მილიონი ადამიანი იხდის, გამოდის, რომ ნახევარი მილიონი შრომისუნარიანი ადამიანი რომელიც დასაქმებულად ითვლება, ოფიციალურად არცერთი თეთრის შემოსავალს არ იღებს. ისინი, ვისაც სტატისტიკა დასაქმებულად თვლის, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან.