რა არის მოვალეთა რეესტრი?
December 5, 2015
პრობლემური სესხების ამომღები კომპანიები
August 6, 2016

აღსრულების ხანდაზმულობა

აღსრულების ხანდაზმულობა მნიშვნელოვანი საკითხია, განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის, რომელთა მიმართაც გამოტანილია შესაბამისი გადაწყვეტილება ან/და უკვე ხორციელდება სააღსრულებო წარმოება.

უპირველესყოვლისა, მნიშვნელოვანია აღსრულების ხანდაზმულობის ცნების განმარტება.

რა არის აღსრულების ხანდაზმულობა?

აღსრულების ხანდაზმულობის არსის გაგებისათვის მნიშვნელოვანია გამოვყოთ ორი ეტაპი:

1. სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის ხანდაზმულობა – ამ ეტაპზე, სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და კრედიტორს გააჩნია 10 წლის ვადა, რათა ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ბიუროში განცხადების შეტანის გზით, დაიწყოს აღსრულების პროცესი. ამ ვადის გასვლის შემდგომ, მისი მოთხოვნა იქნება ხანდაზმული და მას აღარ შეეძლება მოთხოვნის სააღსრულებლოდ მიქცევა.

2. სააღსრულებო წარმოების ხანდაზმულობა– ამ ეტაპზე კრედიტორის განცხადების საფუძველზე, დაწყებულია სააღსრულებო წარმოება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ 10 წლის მანძილზე. ამ ვადის შემდგომ სააღსრულებო წარმოება იქნება ხანდაზმული და შესაბამისად, იგი უნდა შეწყდეს.

ამდენად, როდესაც სასამართლო გადაწყვეტილებით ხდება გამსესხებლის მოთხოვნის დაკმაყოფილება, მას შეუძლია აღნიშნული გადაწყვეტილება, აღსრულების ეროვნულ ბიუროში განცხადების შეტანის გზით, იძულებით აღსასრულებლად მიქციოს, ათი წლის განმავლობაში, სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტიდან.

ხოლო, აღსრულების ბიუროში აღნიშნული განცხადების საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება შეიძლება გაგრძელდეს მხოლოდ ათი წლის მანძილზე, შესაბამისი განცხადების საფუძველიზე, აღსრულების დაწყების მომენტიდან, რის შემდეგაც სააღსრულებო წარმოება, ხანდაზმულობის საფუძველზე, უნდა შეწყდეს.

მაგ: სასამართლომ 2015 წლის 10 აპრილს მიღებული გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა „A”-ს მოთხოვნა „B”-ს მიმართ სესხის ძირითადი თანხის – 8000 ლარის და პროცენტის- 2000 ლარის დაკისრების ნაწილში.

„A” უფლებამოსილია 2025 წლის 10 აპრილის ჩათვლით აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეიტანოს განცხადება, გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის იძულებითი აღსრულების შესახებ.

თუ ვთქვათ “A”-მ შეიტანა განცხადებას აღსრულების ბიუროში 2020 წლის ივნისში, სააღსრულებო წარმოება, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, შეიძლება გაგრძელდეს 2030 წლის ივნისის ფარგლებში.