ხანდაზმულობის შეწყვეტა სარჩელის შეტანით
April 25, 2016

აღიარება, ხანდაზმულობის გასვლის შემდეგ

პრაქტიკაში პრობლემურია ისეთი შემთხვევები, როდესაც ხანდაზმულობის ვადა მართალია გასულია, თუმცა მსესხებელი აღიარებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თავის ვალდებულებას.

ამ საკითხის მიმართ არ არის ერთგვაროვანი დამოკიდებულება პრაქტიკაში, კერძოდ უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ „სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა შეიძლება, შეწყდეს მხოლოდ ხანდაზმულობის ვადის განმავლობაში, ხოლო ხანდაზმულობის ვადის დასრულების შემდეგ მისი შეწყვეტა დაუშვებელია.“[1]

ამ საკითხთან დაკავშირებით გერმანიის ფედერალურმა უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ „მხოლოდ იმ ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა დაწყებაა შესაძლებელი, რომელიც ჯერ კიდევ მიდის“. ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ გაკეთებულმა აღიარებამ არ შეიძლება ხანდაზმულობა შეწყვიტოს.[2]

ამავე საკითხზე, უზენაესმა სასამრთლომ სხვა საქმეზეც იმსჯელა და განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა:

„სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით რეგლამენტირებული, ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე მოთხოვნის არსებობის აღიარება, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია, სახეზეა ხსენებული კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულების შემთხვევაში.

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ მოვალეობის შესრულებას უთანაბრდება მოვალის დაპირება  ვალდებული პირის მიერ უფლებამოსილი პირის წინაშე ვალის არსებობის აღიარება ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, ანუ თუ ვალდებულმა პირმა კონკრეტული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ აღიარა ხსენებული მოთხოვნის არსებობა, ხანდაზმულობის ვადის გასვლის ფაქტს, სამართლებრივად, აღარ აქვს არავითარი მნიშვნელობა მხარის შესაბამისი მატერიალური უფლების სასამართლო წესით რეალიზაციისათვის.

ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა აღიარა ე. ნ-ძის, რ. მ-ძის, ე. ჯ-ძისა და ა. ბ-ძის წინაშე სადეპუტატო უფლებამოსილებასთან დაკავშირებული თანხების, ხოლო ნ. ნ-ძის წინაშე ასევე ბიუროს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხის დავალიანება, მას შემდეგ, რაც ხსენებული დავალიანებების მოთხოვნის სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა გავიდა, რითაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყდა.[3]

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციაა, რომ დაუშვებელია ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა იმ მოთხოვნის მიმართ, რომლის მიმართაც ხანდაზმულობის ვადა გასულია.

ამასთან, ისეთი აღიარება, რომელიც ხანდაზმულობის გასვლის შემდეგაა გაკეთებული და დაკავშირებულია ხანდაზმულ მოთხოვნასთან, უნდა მივიჩნიოთ კაუზალურ ვალის აღიარებად, რომლის სამართლებრივი შედეგია, არა ძველი ვალდებულების „გაცოცხლება“ და ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტა, არამედ ვალის აღიარების მოცულობით ვალდებულების მიმართ იძულებითი ღონისძიების განხორციელების შესაძლებლობის წარმოშობა.

მაგ: „A”-ს გააჩნია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ხანდაზმული მოთხოვნა „B”_ს მიმართ 10.000 ლარის მოცულობით. „B”-მ აღიარა მხოლოდ 2.000 ლარის ვალდებულება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე.

მოცემულ შემთხვევაში ხანდაზმული მოთხოვნის გაცოცხლება კი არ მოხდება, არამედ მხოლოდ ვალის აღიარების საფუძველზე მოხდება მხოლოდ 2.000 ლარის მიმართ ხანდაზმულობის თავიდან ათვლა.

მოცემულ შემთხვევაში, „A”-ს მოთხოვნა, რომ არ ყოფილიყო ხანდაზმული, „B”-ს ასეთი აღიარების შემთხვევაში, მთლიანად 10.000 ლარის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლა შეწყდებოდა.

[1] სუსგ. N-ას-266-254-2013

[2] სუსგ. ას-229-216-2015

[3] სუსგ.N-ბს-1197-1164(კ-10))