loan-27-1453862469სესხის ხელშეკრულების შინაარსი

რა საკითხებზეა შეთანხმება საკმარისი  სესხის ხელშეკრულების დასადებად?

სესხის ხელშეკრულება დადებულად ჩაითვლება, თუ არსებობს შემდეგ საკითხებზე შეთანხმება:

  • მხარეები სესხის ხელშეკრულება დადებული ვერ იქნება თუ არ არის ზუსტად განსაზღვრული თუ ვინ წარმოადგენს სესხის ხელშეკრულების მხარეებს.
  • სესხის საგანი სესხის საგანს წარმოადგენს ფული ან გვაროვნული ნივთები, ბუნებრივია თუ არ იქნა განსაზღვრული, რა ასესხა გამსესხებელმა მსესხებელს, მაშინ ვერც იმის განსაზღვრა იქნება შესაძლებელი თუ რისი დაბრუნების ვალდებულება აქვს მსესხებელს, ამიტომაც სესხის საგნის განსაზღვრის გარეშე არ იარსებებს არც სესხის ხელშეკრულება.
  • სესხის საგნის გადაცემა- სესხის ხელშეკრულება დადებულად ითვლება არა მხოლოდ მხარეთა შეთანხმების მომენტიდან, არამედ ფაქტობრივად სესხის საგნის მსესხებლისათვის გადაცემის მომენტიდან. ამდენად, სესხი ხელშეკრულება არ ჩაითვლება დადებულად იმ მომენტამდე, სანამ სესხის საგანი არ გადაეცემა მსესხებელს საკუთრებაში.
  • სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა სესხის ხელშეკრულებაში უნდა ჩანდეს მხარეთა განზრახვა, რომ ისინი დებენ სესხის ხელშეკრულებას. შეიძლება გვქონდეს სესხის არსებობის ყველა სხვა პირობა, მაგრამ აღნიშნული არ წარმოადგენდეს სესხის ხელშეკრულების დადების საფუძველს.

მაგ: დაიდო ხელშეკრულება „A“ და „B“-ს შორის, „A“-მ გადასცა „B“-ს საკუთრებაში ფულადი თანხა. ერთი შეხედვით ყველ პირობა გვაქვს სესხის ხელშეკრულების არსებობისათვის:

ა) განსაზღვრულია მხარეები;

ბ) განსაზღვრულია ხელშეკრულების საგანი;

გ) ფულადი თანხის საკუთრებაში გადაცემა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის.

მოცემულ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება დადებულად ვერ ჩაითვლება, თუ მხარეებმა მკაფიოდ არ დააფიქსირეს სესხის ხელშეკრულების დადების სურვილი, რადგან ზემოთ მოყვანილი ელემენტები სხვა ხელშეკრულებებსაც ახასიათებს, მაგალითად ჩუქების ხელშეკრულებას, ამიტომაც სესხის ხელშეკრულების დადების განზრახვა უნდა ჩანდეს მხარეთა მიერ გამოვლენილ ნებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სესხის ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება დადებულად.