მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა

sample-confidentiality-agreement-300x225სასამართლომ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას მორალური ზიანის ანაზღაურება დააკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ მიკროსაფინანსო ორგანიზაციას  მოსარჩელე ბ.ბ-ს სასარჩელო განცხადების განხილვის საფუძველზე მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 500 ლარის გადახდა დააკისრა.  მხარეთა შორის დავის საგანს ბ.ბ.-ს პერსონალური მონაცემების – კერძოდ კი მოსარჩელის მიერ აღებული სესხის თაობაზე არსებული კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროება წარმოადგენდა.

 სასარჩელო განცხადებით, მოქალაქე ბ.ბ-მ განმარტა, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ“-სთან დადებული ჰქონდა სესხის ხელშეკრულება 1000 ლარის ოდენობით. მოსარჩელე 1 წლის ვადით, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად ვალდებული იყო დაეფარა შესაბამისი თანხა. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი გეგმიური გადახდის დროს, ბ.ბ-მ ვერ შეძლო დროულად დაეფარა სასესხო ვალდებულება.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციის თანამშრომელმა, მოსარჩელისათვის განკუთვნილი წერილობითი გაფრთხილება სესხის დაფარვის ვადის გადაცილების თაობაზე დაულუქავი სახით – კონვერტის გარეშე, ჩააბარა უცხო პირს მოსარჩელისათვის გადასაცემად. აღნიშნულის გამო, მასში არსებული ინფორმაცია ბ.ბ.-ს სასესხო ურთიერთობებისა და სესხის გასტუმრების ვადის გადაცილების შესახებ გასაჯაროვდა და ცნობილი გახდა გარეშე პირებისათვის, რითაც დაირღვა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობები.

სასამართლომ მტკიცებულებების განხილვის შედეგად, მიიჩნია, რომ აღნიშნული სარჩელი უნდა დაკმაყოფილებულიყო ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლომ იხელმძღვანელა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით(პირადი ცხოვრების პატივისცემა), გაიზიარა ევროპული  მის ირგვლივ ევროპული სასამართლოს მიერ ჩამოყალიბებული პრეცედენტული სამართალი (CASE OS Z. vs. FINLAND, PANTELEYENKO vs. UKRAINE და სხვა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით რეგულირებული – პირადი ცხოვრების საიდუმლოების დაცვის უფლება, ასევე გაითვალისწინა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციები, სხვა საკანონმდებლო დანაწესები  და გარემოება, რომ საქმე ეხება სამართალურთიერთობაში ისეთი მგრძნობიარე საკითხის წამოწევას, როგორიცაა პირის ფინანსური ვალდებულებებისა და ამ ვალდებულებათა დარღვევის თაობაზე ინფორმაციის საჯაროობა. ამდენად,  სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი და მოპასუხე მიკროსაფინანსო ორგანიზაციას დააკისრა 500 (ხუთასი) ლარის გადახდა მოსარჩელის მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით.