თავდებობის ფორმა და პასუხისმგებლობის ფარგლები

Guarantor Loanთავდებობის ფორმა და პასუხისმგებლობის ფარგლები

თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის საჭიროა კანონით დადგენილი ფორმის დაცვა, კერძოდ თავდებობა უნდა დაიდოს წერილობითი სახით და მასში უნდა იყოს განსაზღვრული ის ზღვრული თანხა, რომლის ფარგლებშიც თავდები პასუხს აგებს სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მსესხებლის ვალდებულებისათვის.

მაგ: A -მ ისესხა B-სგან 10.000 ლარი, C დაუდგა A-ს თავდებად, მან გააფორმა B_სთან  წერილობითი თავდებობის ხელშეკრულება, სადაც განისაზღვრა თავდებობის ფარგლები – 2.000 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარე, C პასუხისმგებელი იქნება A-ს ვალდებულებისათვის მხოლოდ 2.000 ლარის ოდენობით, B ვერ მოითხოვს  C-სგან მთლიანად 10.000 ლარს.

ამავდროულად, თუ საერთოდ არ განისაზღვრება თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული მოცულობა, მაშინ ასეთი თავდებობის ხელშეკრულება იქნება ბათილი.

სხვაგვარი შეთანხმების არ არსებობისას, თავდები პასუხს აგებს ზღვრული თანხის ფარგლებში, შემდეგი ფულადი ვალდებულებებისთვის:

  • სესხის ძირითადი თანხა, მათ შორის ვადის გადაცილების ან მოვალის ბრალის გამო მისი გაზრდის შემთხვევაში.
  • სესხის პროცენტის, პირგასამტეხლოს/ჯარიმის ან ზიანის საერთო თანხისთვის, პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მაშინ, როცა აღნიშნულის შესახებ მხარეები საგანგებოდ თანხმდებიან.
  • ხელშეკრულების შეწყვეტისა და სასამართლო ხარჯებისათვის, რომლებიც უნდა ანაზღაურდეს ძირითადი მოვალის მიერ, თუკი თავდებს ჰქონდა შესაძლებლობა კრედიტორის დაკმაყოფილებით თავიდან აეცილებინა იგი;

თავდებობა ვრცელდება მხოლოდ იმ ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც დაიდო იგი.

მაგ: თუ A-მ B-ს დაუბრუნა სესხი, რომლის შესახებაც დაიდო B და C-ს თავდებობის ხელშეკრულება და ამის შემდეგ A-მ სხვა სესხი აიღო B-სგან. ასეთ შემთხვევაში C-ს თავდებობა ამ სხვა სესხიდან გამომდინარე ვალდებულებებზე არ გავრცელდება.