176869284ეფექტური საპროცენტო განაკვეთი

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომლის გამოთვლისას გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი და ამ ხარჯების გაწევის პერიოდი.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასვა დარიცხვის სქემის მქონე საბანკო პროდუქტების შესადარებლად.

მაგ: თანხის ვადიან ანაბარზე განთავსებისას, თანაბარი პირობების არსებობისას,  პროცენტის რთული დარიცხვის შემთხვევაში, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მაღალი იქნება, ვიდრე მარტივი დარიცხვის შემთხვევაში.

მარტივი დარიცხვის მაგალითი: თქვენ შეიტანეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე, ერთი წლის ვადით. ანაბრის პირობების მიხედვით, თქვენ დაგერიცხათ 10% (100 ლარი), მარტივი დარიცხვის წესით, წლის ბოლოს. მოცემულ შემთხვევაში, თქვენი მთლიანი შემოსავალი შეადგენს- 1100 ლარს. (ეფექტური საპროცენტო განაკვეთი ზუსტად 10%-ია)

რთული დარიცხვის მაგალითი: თქვენ შეიტანეთ 1000 ლარი ვადიან ანაბარზე, ერთი წლის ვადით. ანაბრის საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 10%-ს, დარიცხვა ხორციელდებოდა ყოველთვიურად, მათ შორის უკვე დარიცხულ პროცენტზე. მოცემულ შემთხვევაში, თქვენი მთლიანი შემოსავალი იქნება 1104.70 ლარი. (ეფექტური საპროცენტო იქნება 10.5%).

ამდენად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გარკვევა მნიშვნელოვანია, საბანკო პროდუქტების არჩევისას, მათ შორის კრედიტისა აღების დროსაც.

ეფექტური  საპროცენტო განაკვეთი ითვალისწინებს ყველა არსებულ ფინანსურ ხარჯს, რომელიც არ შედის წლიურ საპროცენტო განაკვეთში.

მაგ: შეიძლება ბანკების მიერ განსაზღვრული იყოს სხვადასხვა საკომისიოები, რომლებიც გავლენას ახდენს ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ოდენობაზე. მაგალითად, რთული დარიცხვის მაგალითში, თუ ანგარიშის მომსახურებისთვის განისაღვრება ყოველთვიური სახდელი- 1ლარი, ხოლო ყოველთვიური დარიცხვისთვის განისაზღვრება საკომისიო 0.5%-ის ოდენობით, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი იქნება 8.7% და ვადის ბოლოს მიიღებთ მხოლოდ 1086.90 ლარს.

შესაბამისად, ამ საკომისიოების გათვალისწინებით, თქვენ მიიღებთ უფრო ნაკლებ ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, ვიდრე აღნიშნული საკომისიოს არარსებობისას.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთი მოიცავს ფულის ღირებულების ცვლილებას დროშიმისი გამოთვლისას გათვალისწინებულია ფინანსური ხარჯების გაწევის პერიოდი. მომხმარებელს რაც უფრო გვიან აქვს გადასახდელი ფინანსური ხარჯი, მით უფრო მცირეა ფულის დღევანდელი ღირებულება.

მაგ: კრედიტის მომსახურებისთვის გადასახდელი საკომისიო შეადგენს, სესხის თანხის 5%-ს. პირველ შემთხვევაში საკომისიო გადაიხდება წინასწარ, ხოლო მეორე შემთხვევაში, 1 წლის მანძილზე თანაბრად. პირველ შემთხვევაში კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი უფრო მეტი იქნება, ვიდრე მეორე შემთხვევაში.